კაშხლების უსაფრთხოების მსოფლიო დეკლარაციას საქართველოც მიუერთდა

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია (ICOLD)_მა  მიიღო კაშხლების უსაფრთხოების მსოფლიო დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს სახელით საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულმა კომიტეტმა (GNCOLD) მოაწერა ხელი.

 

კაშხლების უსაფრთხოების მსოფლიო დეკლარაცია

 

მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობა უდიდეს სარგებელს იღებდა კაშხლებისა და წყალსაცავების მშენებლობითა და ექსპლუატაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ტექნიკური მომსახურებაც. კაშხლის დახმარებით წყლის მარაგის შენახვა-აკუმულირება არეგულირებს მდინარის ბუნებრივ ჩამონადენს და იძლევა სარგებლის მიღების საშუალებას წყლის გაზრდილი მარაგის, განახლებადი ენერგიის გამომუშავებისა და წყალდიდობითა და გვალვით გამოწვეული საზიანო ზემოქმედების შემცირების ხარჯზე.

მუდმივად ცვალებად და არასტაბილურ მსოფლიოში, ამასთანავე მოსახლეობის მზარდი რაოდენობის პირობებში განუხრელად იზრდება მოთხოვნა წყალზე, საკვებსა და ენერგიაზე, რაც ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ცხოვრების უკეთესი დონის მისაღწევადა აუცილებელი პირობაა. თუმცა, კაშხალმა შეიძლება, ასევე საშიშროებები გამოიწვიოს. კერძოდ, კაშხლის მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება, ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და ქონების განადგურება მოიტანოს. კაშხლის მწყობრიდან გამოსვლა შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაგროვილი წყლის უკონტროლო გაშვებამ ან კატასტროფულმა გაჟონვამ.

კაშხალზე მომუშავე ტექნიკურ პერსონალს და საინჟინრო კორპუსს უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აკისრია, კერძოდ,პირველ რიგში მათ ხარისხიანად უნდა ააგონ კაშხლები, წყალსაცავები და ამავდროულად უნდა უზრუნველყონ მათი უსაფრთხო ფუნქციონირება მთელი საექსპლუატაციო პერიოდის დროს.

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია და კაშხლების უსაფრთხოება

თითქმის ერთი საუკუნეა, რაც დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია (ICOLD)  აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ კაშხლების უსაფრთხოება მაქსიმალურად ყურადღების ცენტრში იყოს და დაცული იყოს ყველანაირად. როგორც საზოგადოებრივი ზრუნვის საგანი, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო კომისიის უმნიშვნელოვანეს მისიას წარმოადგენს, როგორც ეს ნათქვამია კომისიის მისიის დეკლარაციაში:

ICOLD-ის უპირველესი მოვალეობაა სტანდარტების, ნორმებისა და მითითებების შემუშავება კაშხლების უსაფრთხო, ეკონომიური, ეკოლოგიურად მისაღები და სოციალურად გამართლებული მშენებლობისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.“

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის შექმნამდე (1928 წ.) არსებული ცოდნა კაშხლების უსაფრთხოების შესახებ ძალზედ მწირი იყო. ამასთანავე არსებობდა კაშხლებისა და წყალსაცავების ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი და მზარდი საჭიროება. ამდენად, აუცილებელი იყო საერთაშორისო კომისიის ხელშეწყობით, ამ მიმართულებით ცოდნისა გავრცელება და  საპროექტო და საექსპლუატაციო გამოცდილების გაზიარება კაშხლის ინჟინერ-სპეციალისტებს შორის.

ICOLD-მა გადამწყვეტი და ფასდაუდებელი როლი ითამაშა კაშხლის უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში (რაც მეტად აუცილებელი იყო) წარსულის გამოცდილების (კერძოდ, კაშხლების მწყობრიდან გამოსვლისა და მასშტაბური ინციდენტების შემთხვევების) შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის გზით. დაარსების დღიდან ICOLD_ი და მისი ათასობით სპეციალისტი წევრ ქვეყნებში მუდმივად მუშაობს კაშხლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით, რა მიზნითაც ისინი აქვეყნებენ ტექნიკურ ნაშრომებს და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს  წლიურ შეხვედრებსა და კონგრესებზე. ამ საქმეში წამყვან როლს თამაშობენ ასევე კომისიის ტექნიკური კომისიები, რომლებიც აქვეყნებენ ტექნიკურ ბიულეტენებსა და ტექნიკური ხასიათის სხვა ნაშრომებს, რომლებშიც შეჯამებულია კაშხლების მართვის მოწინავე პრაქტიკა და გამოცდილება.

ICOLD-ის დაარსების დღიდან კაშხლების მწყობრიდან გამოსვლის მაჩვენებელი მსოფლიოში არსებული კაშხლების საერთო რაოდენობასთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ შემცირდა - ეს არის უდიდესი მიღწევა, რაც კომისიის მსოფლიოზე დადებითი ზემოქმედების პირდაპირი შედეგია. მიუხედავად ამისა, მიღწეული წარმატების შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველდღიური მუდმივი ყურადღება და ზრუნვა კაშხლის უსაფრთხოების საკითხებისადმი.

კაშხალთან დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტი კაშხლის სპეციალისტებისა და ICOLD-ის ყველა წევრის უდიდეს საზრუნავს წარმოადგენს: კაშხლის გარღვევას შეიძლება, კატასროფული შედეგები მოჰყვეს - გამოიწვიოს ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და ქონების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაზიანება.

კაშხლის უსაფრთხოების პირობების შეცვლა

წყალზე, საკვებსა და ენერგიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მსოფლიოში კაშხლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სადღეისოდ, კაშხლების მწყობრიდან გამოსვლის შემცირებული შემთხვევების ტენდენციის შენარჩუნება კაშხლის სპეციალისტებისთვის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. ICOLD-ის როლი მოწინავე პრაქტიკის შესახებ არსებული ცოდნის გადაცემასა და გავრცელებაში დღესაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ცნობები კაშხლის უსაფრთხოებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ მუდმივად იცვლება. კაშხლის უსაფრთხოების ცვალებად პირობებში შედის შემდეგი ფაქტორები:

  • არსებული ინფრასტრუქტურის მოძველება სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის მოძველებასთან დაკავშირებულ ახალ საზრუნავს ბადებს.
  • სულ უფრო მეტი განვითარებადი და ქვეყანა დღეს აშენებს კაშხლებს, თუმცა, მათ შეიძლება, არ ჰქონდეთ კაშხლის უსაფრთხოების მართვის საკმარისი გამოცდილება.
  • კერძო სექტორის სულ უფრო აქტიური მონაწილეობა კაშხლების ბიზნესში ქმნის კაშხლის უსაფრთხოების მართვის ახალ პირობებს.
  • კლიმატის ცვლილება ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ მოთხოვნებს უყენებს კაშხლებს, თუმცა, გულისხმობს ბუნებრივი საშიშროების ახალ სახეებს, რაც შესაბამის შეფასებასა და მართვას საჭიროებს.
  • გამომდინარე იქიდან, რომ კაშხლებისთვის შესაფერისი ადგილები დღეს უკვე ინტენსიურადაა ათვისებული, ახალი კაშხლების აგება საჭირო ხდება სულ უფრო, განსაკუთრებით კი გეოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემურ ადგილებზე.

როგორც აღიარებული ექსპერტების საერთაშორისო ორგანიზაცია კაშხლების მშენებლობის დარგში, ICOLD მოუწოდებს სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოებსა და ფინანსურ დაწესებულებებს, ხელი შეუწყონ ცნობადობის ამაღლებას კაშხლების უსაფრთხოების შესახებ. წინამდებარე კაშხლის უსაფრთხოების მსოფლიო დეკლარაცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს კაშხლის უსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც მოქმედებდნენ ინჟინერთა მთელი თაობები დროთა მანძილზე. გარდა ამისა, საჭიროა, ყველა მონაწილე ორგანზაციას შევახსენოთ, რომ მათ, დაკისრებული მოვალეობების შესრულებით, უნდა უზრუნველყონ აღნიშნული პრინციპების დაცვა კაშხლებსა და წყალსაცავებთან დაკავშირებული იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.

კაშხლის უსაფრთხოების პრინციპები

კაშხლის უსაფრთხოების პლატფორმა ეფუძნება რადენიმე მნიშვნელოვან პრინციპს, რომელთაგან ყოველი მათგანი განუზომლად მნიშვნელოვანია კაშხლის უსაფრთხოების პროგრამის განსახორციელებლად. ICOLD, რომელიც 90 წელზე მეტია კაშხლების უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, მიუთითებს კაშხლის უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე:

  1. კონსტრუქციის უსაფრთხოება. კაშხლის კონსტრუქციის უსაფრთხოება სახიფათო მოვლენების დროს, როგორიცაა წყალდიდობა და მიწისძვრა, უმნიშვნელოვანესია: არსებული და მომომავალში ასაშენებელი კაშხლების დაპროექტების, უსაფრთხო მშენებლობისა და ექსპლუატაციის თანამედროვე მოთხოვნების დიდი ნაწილი მოცემულია ICOLD-ის ბიულეტენებში.
  2. განსაკუთრებული ყურადღება ზედამხედველობისა და ტექნიკური მომსახურების დროს. არსებული კაშხლის ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა მნიშვნელოვანია რისკის შესამცირებლად და კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხანგრძლივ პერსპექტივაში. კაშხლის უსაფრთხოების პერიოდული შემოწმება კვალიფიციური ინჟინრების მიერ, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება კაშხლის უსაფრთხოების შეფასების საკითხებში, ყველა კაშხლისთვის სავალდებულოა.
  3. ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენა და შესაბამისი ტრენინგი. იმის ცოდნა, თუ რა მოქმედებების შესრულებაა საჭირო კაშხალზე ავარიის შემთხვევაში, ძალზედ მნიშვნელოვანია და მის ამოცანას კაშხლის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით  ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და ქონების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს ზიანის შემცირება წარმოადგენს. წყალსაცავის პირველი შევსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპია. მეტად მნიშვნელოვანია ავარიული გეგმის ოპერატიულად შესრულება. ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის გადახედვა და პრაქტიკული ვარჯიში სავალდებულოა.
  4. კაშხლის ოპერატორების შესაფერისი ტრენინგი. პირები, რომლებიც პასუხს აგებენ კაშხლის ფუნქციონირებაზე, ვალდებული არიან, გაიარონ შესაბამისი ტრენინგი და კარგად ერკვეოდნენ კაშხლის მახასიათებლებში. კაშხლის და განსაკუთრებით, წყალსაშვის ფარების, არასწორმა ექსპლუატაციამ შეიძლება, გამოიწვიოს ქვედა ბიეფის დატბორვა ან კაშხლის პოტენციური გადავსება.
  5. არსებული გამოცდილების გაზიარება. ICOLD-ის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ არსებული მეთოდების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაშხალთან დაკავშირებული ავარიებისა და მწყობრიდან გამოსვლის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაციის ცოდნა-გაზიარებას. ამადენად, კაშხლის ფუნქციორებით დაკავებული ყველა პირისთვის სავალდებულოა კაშხლის ინციდენტების ამსახველი დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება კაშხლების საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშები, სადაც განხილულია ამგვარი ინციდეტების ძირითადი მიზეზები.
  6. კაშხლის უსაფრთხოების ამომწურავი მიდგომა. ასეთი მიდგომა, სახელმწიფო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, იძლევა რისკის მინიმუმამდე შემცირების საშუალებას, რაც კაშხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს; კონსტრუქციული ზომები კონსტრუქციის მთლიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით; კაშხლის მწყობრიდან გამოსვლის შედეგების მინიმუმამდე შემცირების ზომები და ასევე, განათლება და საზოგადოების ინფორმირებულობა კაშხლების შესახებ.
  7. მფლობელის პასუხისმგებლობა. ICOLD აღიარებს, რომ ყველა კაშხლის უსაფრთხოება წარმოადგენს მათი მფლობელებისა და ოპერატორების უპირველეს პასუხისმგებლობასა და მოვალეობას.  მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა აიღონ კაშხლების უსაფრთხოების რეგულირების პასუხისმგებლობა, რა მიზნითაც მათ უნდა უზრუნველყონ პროექტირების მოწინავე სტანდარტებისა და ხარისხიანი მშენებლობის მეთოდების გამოყენება და ავარიულ სიტუაციებზე მზადყოფნა და ოპერაციული შესაბამისობა დამტკიცებულ ინსტრუქციებთან და სტანდარტებთან.
  8. საერთაშორისო პერსპექტივა. ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციას, როგორიცაა ICOLD, რომელიც ინსტრუქციებს მსოფლიოში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოსცემს, შეუძლია, მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცეს როგორც მფლობელებს, ისე სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს კაშხლების დაპროექტებისა და უსაფრთხოების თანამედროვე მოწინავე მეთოდების უკეთ გასაგებად.

შემაჯამებელი განაცხადი

ICOLD - მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია კაშხლების უსაფრთხოების სფეროში, რომლის უმთავრესი მიზანია კაშხლების მწყობრიდან გამოსვლის ინციდენტების შემთხვევების შემცირება, მოუწოდებს მოცემულ სფეროში მომუშავე ყველა სპეციალისტსა და საწარმოს, სათანადოდ იზრუნონ კაშხლის უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, ქვეყანათა მთავრობებსა და ფინანსურ დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეიმუშავონ შესაბამისი სამოქმედო გეგმები იმ მიზნით, რომ კაშხლების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შესაფერისი წესით ეცნობოს შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებს.

ამგვარი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ICOLD_ის ძირითადი ხედვის განხორციელება:

უკეთესი კაშხლები უკეთესი მსოფლიოსთვის.”

 

სხვა სიახლეები